ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის რეაბილიტაცია
პროექტი ითვალისწინებს ბორჯომის ცენტრალური პარკის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას. მიმდინარე ეტაპზე მისი ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს აჭარბებს.
პარკი წარმოადგენს ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილს და მისი საერთო ფართობი 14 ჰექტარზე მეტს შეადგენს. ბორჯომის პარკის დაარსება გერმანელი ინჟინრის, მოლდენგაუერის სახელთან არის დაკავშირებული. 1850 წელს, მისი პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში - იქ, სადაც მინერალური წყაროები და გოგირდის აბანოები მდებარეობდა, 15 ჰექტარ მიწის ფართობზე პარკის მშენებლობა დაიწყო. აშენდა სხვადასხვა შენობა-ნაგებობა, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადებული ხიდები, ასევე, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიიდან ჩამოტანილი უნიკალური სახეობის ხეები.
პარკის რეაბილიტაცია არაერთხელ განხორციელდა და დროთა განმავლობაში მას ახალი ნაგებობები დაემატა, თუმცა, მისი გეგმარება, ძირითადად, უცვლელად შენარჩუნდა.
მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საპარკე ინფრასტრუქტურა და ზონალური დენდროლოგიური სივრცეები. რესტავრაცია ჩაუტარდება დაცულ, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის, ბორჯომის წყლის პირველ ჩამომსხმელ ქარხანას, ეფიელის ხიდებსა და ბორჯომის მინერალური წყლის პავილიონს.
ასევე, სხვადასხვა ზონაში მოეწყობა თანამედროვე ატრაქციონების პარკი, კვების ობიექტები, ღია სპორტული მოედნები, ტენისის კორტები, სკეიტპარკი და მოსასვენებელი ზონები; აშენდება 3,300 კვ. მეტრის ფართობის ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი.